საკუთრების უფლება აღიარებულია და ხელშეუხებელი

აფხაზეთის ა.რ უმაღლესი საბჭოში აფხაზეთის მთავრობის წევრთა მონაწილეობით  სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

მსჯელობის მთავარი თემა საკუთარი მიწა-წყლიდან იარაღის ძალით გამოძევებული ასეულობით ათასი აფხაზეთის მკვიდრისთვის უხეშად შელახული საკუთრების უფლება იყო.

ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გაწერილი მოხსენება გააცნო  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწემ ირაკლი დბარმა.

მომხსენებლის განმარტებით, მისი ფუნქციური დატვირთვა ძირითადად მიმართულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (კერძოდ აფხაზეთში) ოკუპაციის შედეგად ჩამორთმეულ და მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ იძულებით მიტოვებულ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და მათი რესტიტუციის საკითხის შესწავლისაკენ, რათა შემდგომ შეიქმნას პრეცედენტული საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ სარჩელის წარსადგენად („ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).

ბატონმა ირაკლი დბარმა შეხვედრის მონაწილეებს შეახსენა საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 ივნისის N-326 ბრძანებულება „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების წინასწარი რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“, აგრეთვე 2018 წლის 22 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის N-330 ბრძანებულება და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 აგვისტოს მიღებული N-400 დადგენილება; გამოთქვა დასაბუთებული შენიშვნები თითოეული დოკუმენტის მიმართ.

იმ რეალობაში, როდესაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა უამრავი საკანონმდებლო აქტით, როდესაც ქვეყანაში არსებობს უძრავ ნივთებზე უფლებათა შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანო, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლ. 20% ოკუპირებულია და ადგილი აქვს ამ პროცესის გაგრძელების სამწუხარო დინამიკას, რაც თავისთავად გულისხმობს საკუთრების უფლების დარღვევის ახალ ფაქტებს, მომხსენებელმა არსებული სამართლებრივი მოცემულობისა და ნორმატიული აქტების გათვალისწინებით, უმაღლესი საბჭოს სახელით მიზანშეწონილ სამოქმედო ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება.

საკითხის განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს და საყურადღებო მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს და მთავრობის წევრებმა: თამაზ ხუბუამ, დავით გვაძაბიამ, აკაკი გასვიანმა, რუდიკ ცატავამ, მურმან კვარაცხელიამ, ვახტანგ ყოლბაიამ, ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ივანე დოლიძემ, იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ, მინისტრმა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში დავით ფაცაციამ, ქონების მართვისა და პრივატიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მამუკა გოგიამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწემ იურიდიულ საკითხებში გიორგი გვასალიამ.

ყველა გამომსვლელმა ერთსულოვნად და აუცილებლად მიიჩნია აფხაზეთის თითოეულ ოჯახზე-ოჯახის მემკვიდრეზე გაიცეს აფხაზეთში უძრავი ქონების-საკუთრების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც ექნება სამართლებრივი-იურიდიული ძალა, იმის სამტკიცებლად, რომ ის უძრავი ქონების მეპატრონეა აფხაზეთში და ქვეყნის გაერთიანების შემდეგ კანონიერად ისარგებლებს მესაკუთრის ყველა უფლებით.

შეხვედრა ბატონმა ჯემალ გამახარიამ შეაჯამა და დაადასტურა, რომ ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანო ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად სრულ მზადყოფნას გამოხატავს და იმედი გამოთქვა, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით უმაღლესი საბჭო შეძლებს განახორციელოს თავისი ერთ-ერთი უმთავრესი და პრიორიტეტული მოვალეობა - დაიცვას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) უფლებები და ინტერესები.









































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions