ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიკრა და სული განუტევა. ძმამ კვართთან ერთად დაკრძალა საკუთარი და. საფლავზე კიპარისის მშვენიერი ხე ამოსულა.
მე-4 საუკუნეში მირიან მეფის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ეს ხე მოუჭრიათ, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილზე მაშინ ხის პატარა ზომის ეკლესია აუგიათ, რომელიც მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალს უფრო დიდი ეკლესიით ჩაუნაცვლებია. დღეს კი ამ ადგილას ამაყად დგას მელქისედეკ კათალიკოსის ინიციატივით და კონსტანტინე არსაკიძის ხელმძღვანელობით მე-11 საუკუნეში აშენებული სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარი.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991 წელს სვეტიცხოვლობის დღესასწაულიც აღდგა და 14 ოქტომბერი ოფიციალურად უქმე დღედ გამოცხადდა. მას შემდეგ მთელი საქართველოს მართლმადიდებელი მრევლი ცდილობს უფლისადმი მადლიერება მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში აღვლენილი ლოცვა-ვედრებით გამოხატოს და აქვე ეზიაროს უფალთან სიახლოვეს.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, მისი თავმჯდომარე ჯემალ გამახარია სვეტიცხოვლობას ულოცავს სრულიად საქართველოს, ენგურს გაღმა და გამოღმა მცხოვრებ აფხაზეთის საზოგადოებას და უსურვებს, რომ უფლის კვართის თვალშეუდგამმა ძალამ და სვეტიცხოვლის მადლმა დაიფაროს ყველა ქართველი, ყველა აფხაზი, საქართველოს თითოეული მოქალაქე ყოველგვარი განსაცდელისაგან, პანდემიის სავალალო შემოტევისაგან და მშვიდობით, ღვთისგან ბოძებული ადამიანური სიყვარულით, შერიგებით, ურთიერთნდობით გაერთიანებულ საქართველოში თანაცხოვრების სიკეთეს აზიაროს.