მარიამობა, ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული დღესასწაულია და თორმეტ უდიდეს დღესასწაულთა სიაში შედის.
ღვთისმშობელი ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. ერთხელ, როცა მარიამი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, ცა გაიხსნა, გაბრიელ მთავარანგელოზი გამოეცხადა ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა: „გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩუჱნი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა; ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!“ ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის მზადება დაიწყო.
მარიამს ძალიან სურდა, ამსოფლიდან გასვლამდე ყველა მოციქული ერთად ეხილა. უფალმა ეს სურვილიც აუსრულა: შეკრიბა მასთან მაცხოვრის ყველა მოწაფე. ხუთი მათგანი მკვდრეთით აღმდგარიყო. მოციქულები მიესალმნენ მარიამ ღვთისმშობელს. გახარებულმა უბიწო ქალწულმა მადლობა შესწირა ღმერთს, შემდეგ კი თავის მიცვალებაზე დაიწყო საუბარი. სწორედ ამ დროს, ასევე სასწაულებრივ, წარდგა მათ წინაშე პავლე მოციქულიც თავისი მოწაფეების: დიონისე არეოპაგელის, საკვირველი იეროთეოსის, ღვთაებრივი ტიმოთეს და სხვა სამოცდაათთაგანთა თანხლებით. მარიამი სახელებით უხმობდა ყველას, ქებას ასხამდა მათ და აკურთხებდა. შემდეგ წმიდა ღვთისმშობელი დედა იაკობ მღვდელმთავრის ხელით ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა და იწყო ამსოფლიდან გასვლა. საეკლესიო მკვლევართა გადმოცემით, მარიამ ღვთისმშობელი ამ დროს 72 წლის იყო. მარიამის გარდაცვალებისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა, „იქმნა დიდებით განსაკჳრვებელი მოსლვა ქრისტეს ღვთისა და ძისა მისისა დიდებითა მით გამოუთქმელითა“. იესო ქრისტემ თავისი მშობლის წმიდა და ყოვლად უბიწო სული „საღმრთოთა მათ და უხრწნელთა მკლავთა თჳსთა ზედა მიირქუა“ და ანგელოზთა გალობის თანხლებით აამაღლა იგი ზეცად. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხედარი მოციქულებმა გეთსამანიის ქვაბულში დაკრძალეს. მესამე დღეს მის საფლავზე ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, როგორც ქერუბიმებზე უპატიოსნესი და სერაფიმებზე აღმატებული.
საქართველოში მარიამობა ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრად მიიჩნევა, რომელსაც წმიდა ქალწული მარიამი იფარავს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გილოცავთ ყველას ამ დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს, ჯანმრთელობას გისურვებთ და სწამს, რომ წმინდა მარიამის მფარველობა კვლავაც არ მოაკლდება მის წილხვედრ საქართველოს, ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და ურთიერთთანადგომით, ქრისტესმიერი სიყვარულით, სიკეთით სამშობლოს მსახურებასა და მის გაერთიანებას შეგვაძლებინებს!