„ეს ანექსიის გზაზე ყველაზე დიდი ნაბიჯია“ – გამახარია რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის “ორმაგი მოქალაქეობის” შესახებ დაგეგმილ შეთანხმებაზე

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის “ორმაგი მოქალაქეობის” შესახებ დაგეგმილი შეთანხმება ანექსიის გზაზე ყველაზე დიდი ნაბიჯია.

 

ამის შესახებ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

აფხაზეთში უკიდურესად რთული, უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. მარტო მიმდინარე წლის განმავლობაში მოსკოვსა და სოხუმს შორის რამდენიმე .. შეთანხმება დაიდო. თითოეული ეს შეთანხმება ანექსიის გზაზე ერთი დიდი ნაბიჯია. ესენია: ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით 19 იანვარს დადებული შეთანხმება, რამაც მთელი აფხაზეთი ფეხზე დააყენა, მოსახლეობა ამ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციას ეწინააღმდეგება; 4 აგვისტოს გაფორმებული კიდევ ერთი შეთანხმება, რომელიც დღემდე არაა გამოქვეყნებული და „2022 -25 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის რეალიზაციის ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმება ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტი არც კი გამოუქვეყნებიათ, ჩვენმა სპეციალისტებმა მას მიაგნეს და ვიცით შინაარსი. რუსეთი იმ შემთხვევაში აპირებს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შესრულებაში ფინანსურ დახმარებას, თუ 2 წლის წინ რუსეთს და აფხაზეთს შორის დადებული ხელშეკრულება იქნება რეალიზებული, რომელიც კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით საერთო ეკონომიკური და სოციალური სივრცის ჩამოყალიბებას ეხება. თუ აფხაზეთი ამ 45- პუნქტიან პროგრამას შეასრულებს, რომელიც აფხაზეთის რუსეთის სამართლებრივ სივრცეში მოქცევას ითვალისწინებს, მაშინ რუსეთი ინებებს და აფხაზეთს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარება, მაგრამ რასაც რუსეთი აფხაზეთში ააშენებს, ყველაფერი რუსეთის საკუთრებაში გადავა. ეს იქნება ანექსიის გზაზე გადადგული კიდევ ერთი ძალიან დიდი ნაბიჯი.

 

9 სექტემბერს პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც მან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დართო უფლება, ხელი მოაწეროს აფხაზეთთან ორმაგი მოქალეობის შესახებ ხელშეკრულებას. ამ განკარგულებას თან ერთვის შეთანხმების პროექტი. პირველი მუხლის პირველი პუნქტი მინდა, წავიკითხო: ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ, ამ მხარის მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მეორე მხარის მოქალაქეობა მიიღონ. ამით ყველაფერია ნათქვამი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა მოხდება 27 სექტემბერს, ანუ დღეს. თვალ-ყური უნდა მივადევნოთ, დღეს მოხდება, თუ არა ამ ე.წ. შეთანხმების ხელმოწერა. ის უკვე გამზადებულია და თუ დღეს არ მოეწერა ხელი, ამ დღეებში მოეწერება. ალბათ, ეს არის ყველაზე დიდი ნაბიჯი ანექსიის გზაზე. როგორც აფხაზები ხდებიან რუსეთის მოქალაქეები, ისე რუსებს შეუძლიათ, გახდნენ აფხაზეთის მოქალაქეები“. დარწმუნებული ვარ, ამ დოკუმენტზე ხელმოწერას და რატიფიკაციას აფხაზეთში დიდი ვნებათაღლვა მოჰყვება.


აფხაზებს რამდენიმე შეთანხმება პირდაპირ მიაყარეს, რომელში გარკვეულებიც არ არიან. მთელი ყურადღება გადატანილია ბიჭვინთის შეთანხმებაზე, მაგრამ როდესაც დანარჩენი დოკუმენტები გამოქვეყნდება, აფხაზები დაინახავენ, რომ აქ ბევრად მეტი საფრთხეა ჩადებული, ვიდრე ბიჭვინთის აგარაკების გასხვისებაში.


ეს ყველაფერი მიმართულია რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიისკენ“, – განაცხადა გამახარიამ.

http://kvira.ge/781255



ჯემალ გამახარია: რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის "ორმაგი მოქალაქეობის" შესახებ დაგეგმილ შეთანხმებაზე
https://youtu.be/EHRkd4locPk

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions