შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული მაღალი დონის ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები მშვიდობისთვის“ გაიმართა. 

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა. 

შეკრებილ საზოგადოებას და ახალგაზრდებს აღნიშნული ღონისძიებისთვის სპეციალურად ჩაწერილი ვიდეოთი დისტანციურად მიმართა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ მშვიდობის მშენებლობის მხარდაჭერის საკითხებში, ელიზაბეტ სპეჰარმა. სიტყვით ასევე გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი და გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში დიდიე ტღებიუკი.

ღონისძიების ფარგლებში, თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული ყოველწლიური კონკურსის „მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. ნომინაციაში „საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა“ დაჯილდოვდა მშვიდობის მშენებლობის პროცესში ჩართული ახალგაზრდები ლიკა ჩიმჩიური და მარიამ ბრეგვაძე, ხოლო ნომინაციაში „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“ - ორი გამარჯვებული გამოვლინდა: თამთა ნაბორაშვილი და მურთაზ მატარაძე, და ლელა ყურაშვილი. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაარსებული პრემია 3000 ლარის ოდენობით. ამასთან, ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და უშუალო ჩართულობით, გამარჯვებული ახალგაზრდები ქალაქ სტრასბურგში მონაწილეობას მიიღებენ დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში. 

მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო, სამთავრობო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ახალგაზრდები.

გალერეა

სხვა სიახლეები