საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში 2008 წელს რუსეთ-საქართველოს
ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს.
უწყების ცნობით, სხდომაზე სიტყვით
გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, რომელმაც
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ
მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე
და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია, ერთი მხრივ, ქვეყნის დეოკუპაციის,
ხოლო მეორე მხრივ, ომის შედეგად გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისკენ.
ამასთან, საგარეო უწყების ცნობით,
მუდმივი საბჭოს სხდომაზე ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის
მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფის (აშშ, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ესტონეთი,
ირლანდია, ისლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი,
უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა) მიერ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება
გაკეთდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, განცხადება კვლავ ადასტურებს ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული
მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა
და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„განცხადებაში აღნიშნულია, რომ
2008 წლის ომიდან 17 წლისთავზე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები კვლავ
რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მაშინ, როცა გაეროს წესდება და ეუთო-ს ჰელსინკის დასკვნითი
აქტი ნათლად ადასტურებს სუვერენული უფლებების, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული
მთლიანობის პატივისცემასა და საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის დაუშვებლობას.
ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა
და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას
სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები,
გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე დაგააუქმოს აფხაზეთისა
და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება.
ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა
და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი გმობს 2008 წელს რუსეთის მიერ
საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას და შეშფოთებას გამოთქვამს
საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის განგრძობითი სამხედრო ყოფნის, საოკუპაციო რეჟიმის
უკანონო ქმედებების და ადგილზე არსებული რთული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს
გამო.
ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა
და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი გამოხატავს მხარდაჭერას ჟენევის
საერთაშორისო მოლაპარაკებების, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისა
და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველყოფისათვის, ერთადერთი ფორმატის მიმართ.
ხაზგასმით არის აღნიშნული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვანი როლი,
რომელიც ადგილზე სტაბილურობას უწყობს ხელს.
ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა
და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს ეუთო-სა და საერთაშორისო
საზოგადოებას აქტიური ჩართულობისკენ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან
დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველსაყოფად.
განცხადების დასასრულს, ხაზგასმულია
ერგნეთისა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელობა,
რომელთა დადგენილი წესების მიხედვით ფუნქციონირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ესკალაციის
პრევენციისთვის. ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი
მეგობართა ჯგუფი აუცილებლად მიიჩნევს გალში აღნიშნული მექანიზმის მუშაობის უპირობოდ
განახლებას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.