შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან წარჩინებული სტუდენტის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
2025-2026 სასწავლო წელს დიმიტრი გულიას სახელობის
სტიპენდიატი გახდა გიორგი გამისონია, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის, გალის
რაიონის სოფელ საბერიოს საშუალო სკოლა დაამთავრა და ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით
ჩაბარების შედეგად სტუდენტი გახდა. სახელობითი სტიპენდია 600 ლარის ოდენობით მას ყოველთვიურად
ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში გადაეცემა.
თეა ახვლედიანმა გიორგი გამისონიას დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო სტიპენდია
და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.
ღონისძიების ფარგლებში, სიტყვით გამოვიდნენ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა
და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი,
განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე.
სახელმწიფო მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას გახსნითი სიტყვით მიმართა და შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკისა და „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სამშვიდობო ინიციატივის პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი ახალგაზრდების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე კეთდება. თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ უნიკალურ მექანიზმებსა და საშეღავათო პროგრამებზე; ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშვნელობას და მათ სწავლასა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის
სტიპენდიები 2018 წლიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და განათლების,
მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა და განკუთვნილია ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო
შედეგებს აჩვენებენ.