27 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ჯგუბურიამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თემურ მჟავიამ, დევნილი მოსახლეობის პროფესიული მომზადებისა და შემდგომი დასაქმების საქმეში გაწეული დახმარებისთვის, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის რანგში მოღვაწეობისას დეოკუპაციის საკითხებისადმი ურყევი პოზიციის გამოვლენისა და აზია-ოკეანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის კონფედერაციის პრეზიდენტის პოზიციიდან საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით განხორციელებული ძალისხმევისთვის ჯემალ ინაიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლით დააჯილდოვეს.

აღნიშნული საერთაშორისო კონფედერაციის პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში მისი პირადი მეცადინეობით ვერ განხორციელდა  რუსეთის ფედერაციისა და მისი მოკავშირეების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება, რამაც სეპარატისტულ ხელისუფლებას არ მისცა საშუალება ეწარმოებინა ფარული საგარეო-პოლიტიკური პროპაგანდა საერთაშორისო არენაზე აღიარებისა და დამკვიდრებისათვის.

ამჟამად ჯემალ ინაიშვილი აღნიშნული საერთაშორისო კონფედერაციის პრეზიდიუმის წევრი,  Tbilisi Dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მალაიზიის სამეფოს საპატიო კონსულია საქართველოში.

დაჯილდოების ცერემონიას უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და Tbilisi Dry Port-ის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

გალერეა

სხვა სიახლეები