მიმდინარე წლის 28 მაისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სხდომები ჩატარდა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

დეპუტატებმა ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებისა და 2025 წლის 3 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ საკითხები განიხილეს.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძე.

2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა წარმოადგინა თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ.

ისაუბრა რა ბიუჯეტის გარკვეულ პარამეტრებზე, შეეხო რიგი პროექტების განხორციელებას, მიღებულ შედეგებს. აღნიშნა, რომ ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიურმა შემოსულობებმა გეგმიური 31.203.600 ლარის მიმართ ფაქტიურად შეადგინა 31.108.200 ლარი, რაც გეგმის 99.6%. მათ შორის საგადასახადო შემოსულობების შესრულებამ შეადგინა 13.108.400 ლარი, გეგმის 98.7%. 2024 წელს მობილიზებული შემოსულობების ოდენობა წინა წლების შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით გაზრდილია 2.282.586 ლარით, ანუ 8.2%, აღსანიშნავია „სხვა შემოსავლების“ მუხლში 2024 წელს ფაქტობრივმა შესრულებამ შეადგინა 706.004 ლარი, ანუ 2023 წლის ფაქტობრივ შესრულებაზე 91.500 ლარით მეტი.

თამაზ ხუბუამ მოკლედ ისაუბრა 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 3 თვის შესრულების შესახებ. მისი განცხადებით, წარმოდგენილი დოკუმენტი განხილულ იქნა უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებში, ხოლო გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები გათვალისწინებულ იქნა მთავრობის ანგარიშზე საბოლოო დასკვნის მომზადების დროს. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 3 თვის პერიოდში რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების გეგმიური მაჩვენებლის - 8.473.710 ლარი - საკასო შესრულებამ შეადგინა 15.422.859 ლარი. თანხობრივად ამ პერიოდისათვის დაფიქსირდა ზეგეგმიური შესრულებების მობილიზება 6.949.149 ლარის მოცულობით. შესაბამისად, შემოსულობების ყველა სახის გადასახადების გეგმები გადაჭარბებით შესრულდა. შემოსულობების პარამეტრების მსგავსი გეგმიური შესრულება შესაძლებელი გახდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან 2025 წლის პირველი კვარტლისათვის განსაზღვრულის სპეციალური ტრანსფერის წინმსწრები ჩარიცხვით. 

დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, მოადგილე რუდიკ ცატავა, დეპუტატები ზურაბ ჯგუბურია და ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძე.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური ანგარიშის დამტკიცებას, ხოლო 2025 წლის 3 თვის ბიუჯეტი ცნობად იქნა მიღებული. 

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. 

გალერეა

სხვა სიახლეები