1918 წლის 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის
დღე. ამ დღეს ეროვნულმა საბჭომ მიიღო
ისტორიული დოკუმენტი - „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“,
რომელშიც ნათქვამი იყო: "ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების
მატარებელი, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო;
დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა - დემოკრატიული რესპუბლიკა.
საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა; საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა,
სოციალური მდგომარეობისა და სქესისა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის
ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი
განვითარებისათვის".
1918ნ წლის 26 მაისს შეიქმნა თანასწორობაზე
დამყარებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა
აღიარეს.
ამ ისტორიული მოვლენის შემოქმედთა შორის არიან
აფხაზეთის მკვიდრი პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც ხელს აწერდნენ „საქართველოს დამოუკიდებლობის
აქტს“. ესენი არიან: აკაკი ჩხენკელი,
ვალიკო ჯუღელი, არზაყან ემუხვარი, ვარლამ შერვაშიძე, ვასილ გურჯუა, ივანე
ფაშალიდისი, დიმიტრი ზახაროვი. განსაკუთრებით მნიშნელოვანია აკაკი ჩხენკელის როლი.
სწორედ მისი ინიციატივითა და ძალისხმევით დაადგა საქართველოს ეროვნული საბჭო
სიცოცხლისუუნარო ამიერკავკასიის ფედერაციის (რომლის მთავრობის თავმჯდომარე თვითონ
იყო) დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების გზას.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს
შემადგენლობაში ჩამოყალიბდა ავტონომიური აფხაზეთი თავისი წარმომადგენლობითი
ორგანოთი და მთავრობით. ქართველებსა და აფხაზებს ერთიან, დამოუკიდებელ
საქართველოში მშვიდობიანი თანაცხოვრების ისტორიული გამოცდილება გვაქვს. იმედს გამოვთქვათ, რომ ამ გამოცდილების
გათვალისწინებით ენგურს გაღმა და გამოღმა მაცხოვრებლები, ისევ შევძლებთ
გაერთიანებას და დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო სრულიად საქართველოს ულოცავს ჩვენი სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ გაერთიანებულ, მშვიდობიან და დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრებას.