მიმდინარე
წლის 17 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და
პლენარული სხდომები გაიმართა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
უმაღლესი
საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: „აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის
თაობაზე კანონის პროექტი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური
ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში.
სხდომაზე
მოხსენებებით გამოვიდნენ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან
თევზაია, აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ეკატერინე ღვანია და საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა. მათ თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს საბიუჯეტო
სახსრების ეფექტიანი განკარგვისა და ასიგნებების მეტი დასაბუთებულობის აუცილებლობას.
ორივე საკითხთან დაკავშირებით უმაღლესმა საბჭომ სრულად გაიზიარა სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის დასკვნებში დაფიქსირებული შენიშვნები და რეკომენდაციები ფინანსური მართვისა
და კონტროლის გაძლიერების შესახებ.
უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ
თამაზ ხუბუამ აღნიშნა, რომ საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის დასკვნით, 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მთავრობამ უმაღლეს საბჭოში
ერთი თვის დაგვიანებით წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, 43.75 მლნ ლარის ჭარბი შემოსულობების
მობილიზების ფონზე, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არასახარბიელო პარამეტრებით შესრულდა,
ხოლო ცალკეულ პრიორიტეტულ პროგრამებზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა.
კომიტეტი
სრულად იზიარებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას და მხარს უჭერს მის რეკომენდაციებს
სახსრების ათვისების პროცესში არათანაბარზომიერების დაძლევის, რესურსების მართვის,
საფინანსო აღრიცხვიანობისა და შესყიდვების კონტროლის გაძლიერების შესახებ.
თამაზ ხუბუამ 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებებთან დაკავშირებით
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის
გადასახდელები ჯამში 4,525.0 ათასი ლარით იზრდება და საერთო მოცულობა 50,075.0 ათას
ლარს უტოლდება, რაც სრულად ფინანსდება თავისუფალი ნაშთიდან, ხოლო ბიუჯეტის შემოსულობები
უცვლელი რჩება. დაფინანსება ეზრდებათ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის, იძულებით გადაადგილებულ
პირთა, განათლებისა და კულტურის და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს.
კომიტეტი
და აუდიტის სამსახური მიიჩნევენ, რომ განმარტებით ბარათში წარმოდგენილი დასაბუთებები
ზოგადი ხასიათისაა და საჭიროებს მეტ სოციალურ-ეკონომიკურ გათვლას. აუდიტი ხაზგასმით
აღნიშნავს, რომ უწყებებს ბიუჯეტი ეზრდებათ იმ პირობებში, როდესაც მათ წინა წლებში და
2026 წლის პირველ კვარტალში სახსრების ათვისების დაბალი მაჩვენებლები აქვთ. ეფექტიანი
განკარგვისთვის, ასიგნებების კორექტირებისას აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული
მიმდინარე და გასული წლების სახსრების ათვისების რეალური ტენდენციები.
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი სრულად იზიარებს და მხარს უჭერს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის დასკვნაში დაფიქსირებულ შენიშვნებსა და წინადადებებს.
აღნიშნულ
საკითხებთან დაკავშირებით დაისვა შეკითხვები, გამოითქვა მოსაზრებები. დისკუსიაში მონაწილეობდნენ
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია,
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ადამიანის უფლებების დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის
დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, საერთაშორისო
კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია,
ფრაქცია „მრგვალი მაგიდა-დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის“ თავმჯდომარემ ანზორ წოწონავა.
წინადადებებისა
და შენიშვნების მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ
კანონპროექტს 2026 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე და დაამტკიცეს
ანგარიში 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
სხდომა ნაწილობრივ
დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.