მიმდინარე წლის 21 მარტს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა. 

სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალი კონსტიტუციის პროექტზე მუშაობის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი გიორგი ძიგუა, აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილე ბეჟან ნემსაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ გონაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი სოფიო დემეტრაშვილი, კონსტიტუციონალისტი, სამართლის დოქტორი თემურ სალაყაია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მინდია ოკუჯავა.

მუშაობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ვასილ გონაშვილმა. მის გამოსვლაში ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მომავალ კონსტიტუციაში მოქალაქეობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში ავტონომიის მონაწილეობის ასახვის საკითხები. წინადადებები წარმოდგენილი იყო შვეიცარიის (ბერნისა და ციურიხის კანტონები), ფინეთის (ალანდის ავტონომია), დანიის (ფარერის კუნძულები) და ესპანეთის (კატალონიის გაერთიანება) თავისებურების გათვალისწინებით. 

დისკუსიაში მონაწილეობდნენ დეპუტატები თამაზ ხუბუა, ვახტანგ ყოლბაია, ადა მარშანია, გია გვაზავა, ნუგზარ მგალობლიშვილი, ანზორ წოწონავა, თემურ მჟავია, მოწვეული სტუმრები სოფიო დემეტრაშვილი, თემურ სალაყაია, მინდია ოკუჯავა.

სხდომის შედეგები შეაჯამა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა ვასილ გონაშვილს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და დადებითად შეაფასა ჩატარებული მუშაობა.  

გალერეა

სხვა სიახლეები