მიმდინარე
წლის 20 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა
გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
სხდომის
მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე
ლევან თევზაია, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის
უფროსის მოადგილე ნინა სააკაშვილი.
პრეზიდიუმმა
განიხილა საკითხები: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის
შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ ინიცირებული
კონსტიტუციური კანონის პროექტის ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ“; „აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის და აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის
გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ“;
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის 3 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების
მიმოხილვის შესახებ; „თამაზ ხუბუას ქ. ზუგდიდსა და სენაკში მივლინების შედეგების შესახებ;
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლების
ქ. ზუგდიდში მივლინების შედეგების შესახებ“.
პირველ საკითხთან
დაკავშირებით მოკლე ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ წარმოადგინა. მისი განცხადებით, კომიტეტს დაევალა გადაემოწმებინა
კანონპროექტთან დაკავშირებით შემოსული ხელმოწერების ნამდვილობა. გაიმართა შესაბამისი
კონსულტაციები, მომზადდა კომიტეტის დასკვნა, რომელიც განსახილველად უმაღლესი საბჭოს
სესიას გადაეგზავნა. გარდა ამისა, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტისა
და 85-ე მუხლის საფუძველზე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, დეპუტატების:
ჯ. გამახარიას, თ. ხუბუას, ა. მარშანიას, რ. ქარაიას, ნ. მგალობლიშვილის, თ. მჟავიას,
ვ. ყოლბაიას, ზ. ჯგუბურიას, ა. წოწონავას და მ. კვარაცხელიას მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების
ნამდვილობა დაადასტურა, აღნიშნა ვ. ყოლბაიამ.
განხილვის
შემდეგ პრეზიდიუმმა ერთხმად მხარი დაუჭირა კომიტეტის მიერ წარმოდგენილ დასკვნას.
რესპუბლიკური
ბიუჯეტის 3 თვის შესრულების შესახებ მოკლე ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის
პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა წარსდგა.
მან აღნიშნა, რომ კომიტეტებისა და ფრაქციების ხელმძღვანელებთან და წევრებთან ერთობლივად
ჩატარდა მოსამზადებელი მუშაობა, მრავალმხრივი კონსულტაციები. ვრცლად ისაუბრა ანგარიშში
წარმოდგენილ რამდენიმე ძირითად მონაცემზე, როგორიცაა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის
სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულება, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის
განვითარების ხელშეწყობა, დევნილთა განსახლების ობიექტების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება,
ეკონომიკური კატეგორიების მუხლების მიხედვით ქვემდებარე პროგრამა/ქვეპროგრამების გეგმიური
პარამეტრების შესრულება და სხვა. აღინიშნა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,
2026 წლის 3 თვის მონაცემი მაღალი პროცენტული შესრულებით გამოირჩევა. ამასთან, ყურადღება
გაამახვილა რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტების ზოგიერთ პროგრამა/ქვეპროგრამების საკასო
შესრულებების შედარებით დაბალ საპროცენტო პარამეტრებზე, როგორიცაა წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების განხორციელება, მოსახლეობის დასაქმებისა და ეკონომიკური საქმიანობის
მხარდაჭერა, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობების
გაღრმავება, ფინანსური და არაფინანსური რესურსების მართვა და საინვესტიციო გარემოს
ხელშეწყობა, აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა და სხვა.
რესპუბლიკური
ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე მოსაზრება გამოთქვა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის
მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან თევზაიამ. მისი თქმით, ბიუჯეტის შემოსულობების
ნაწილში დაფიქსირდა გადაჭარბებული შესრულება, დაახლოებით 158%. გადასახდელების ნაწილში
შესრულებამ შეადგინა 92%. ზემოაღნიშნული მაჩვენებლები ფასდება როგორც ოპტიმალური და
ფისკალურად მისაღები შედეგი, რაც ასახავს საბიუჯეტო პროცესის სტაბილურ მიმდინარეობას
და ხარჯვითი ნაწილის ეფექტიან ადმინისტრირებას, აღნიშნა ლ. თევზაიამ.
მსჯელობის
შემდეგ ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.
თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ სამეგრელოს რეგიონში მივლინების შედეგების შესახებ
ისაუბრა. აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 7-8 მაისს გაიმართა შეხვედრები ქ. ზუგდიდსა და
სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა
წარმომადგენლებთან, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამემამულეებთან.
შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთიდან დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის
უფლებების დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის საკითხები. თამაზ ხუბუამ ასევე
ისაუბრა სამედიცინო ცენტრ „ესკულაპი“-ს მფლობელთან ბორის იოსავასთან გამართულ შეხვედრაზე,
რომლის დროს მხარეებმა განიხილეს ქ. სენაკში სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნის და მასში
აფხაზეთიდან დევნილი მედიცინის მუშაკების დასაქმების პერსპექტივები. აღინიშნა, რომ
ზემოთხსენებული პროექტის განხორციელების ფინანსურ ნაწილს სრულად უზრუნველყოფს ინიციატორი
მხარე.
უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების ქ.
ზუგდიდში მივლინების შედეგების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წლის 18 მაისს
უმაღლესი საბჭოს დელეგაცია, აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში, დაესწრო საქართველოს
ეროვნული გმირის, სამხედრო მფრინავის, ზურაბ იარაჯულის ბიუსტის გაიხსნას და ეროვნული
გმირების პარკში გამართულ გალა-კონცერტს. ამასთან, გაიმართა ნაყოფიერი შეხვედრები როგორც
ცენტრალური ხელისუფლების, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, აღნიშნა
ჯემალ გამახარიამ.
პრეზიდიუმის
დასრულების შემდეგ გაიმართა პლენარული სხდომა, რომელზეც განიხილეს დადგენილების პროექტი
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის
პროექტის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური
კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის
შექმნის შესახებ. თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ ყურადღება გაამახვილა
დადგენილებით გათვალისწინებულ მუხლებზე და მოკლედ ისაუბრა საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობაში
შემავალი სუბიექტების შესახებ.
მოსაზრებების
და წინადადებების ურთიერთგაცვლის შემდეგ ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.
სხდომა ნაწილობრივ
დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.