აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი პირები და წევრები: ჯემალ გამახარია, თამაზ ხუბუა, ნუგზარ მგალობლიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, მთავრობის წევრებთან, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული თერთმეტი პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან ორი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქეა.

ოჯახების გადაწყვეტილებით იდენტიფიცირებულ პირებს, მათ შორის სამხედროებს სხვადასხვა რეგიონში, საგვარეულო სასაფლაოებზე სათანადო პატივით დაკრძალავენ.

1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა.

ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 740 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 334 პირი. 1900-მდე ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

გალერეა

სხვა სიახლეები