მიმდინარე წლის 30 სექტემბერს აფხაზეთის
უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა, რომლებსაც თავმჯდომარე
ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
პრეზიდიუმმა მოისმინა ინფორმაცია
„ზურაბ ჯგუბურიას, თეიმურაზ მჟავიას და გიორგი ალფენიძის ქ. ფოთში მივლინების შედეგების
შესახებ“ და „ვახტანგ ყოლბაიას ქ. სენაკში მივლინების შედეგების შესახებ“.
ზურაბ ჯგუბურიამ ვრცლად ისაუბრა აფხაზეთის
უმაღლესი საბჭოს დელეგაციის ქ. ფოთში მივლინების შესახებ. აღინიშნა, რომ მიმდინარე
წლის 22-25 სექტემბერს აკაკი ჩხენკელის სახელობის აფხაზეთის 21-ე საჯარო სკოლაში გაიმართა
სამეცნიერო-შემეცნებითი ღონისძიება აფხაზეთის თამატიკაზე. სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა
და მოწვეულმა სტუმრებმა მოისმინეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატის თეიმურაზ მჟავიას და უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწის გიორგი ალფენიძის სალექციო კურსი აფხაზეთში ეროვნული
მოძრაობის საქმიანობის, ისტორიის, აგრეთვე აკაკი ჩხენკელის ცხოვრებასა და მოღვაწეობის
შესახებ. ამასთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებრიობას
მიაწოდეს ინფორმაცია აკაკი ჩხენკელის სახელობის სამეცნიერო-სტუდენტური კონკურსის დაფუძნების
შესახებ, რაც მიზნად ისახავს აკაკი ჩხენკელის მოღვაწეობის პოპულარიზაციას ახალგაზრდა
თაობაში. ღონისძიების დასასრულს 21-ე საჯარო სკოლას საჩუქრად გადაეცა სასკოლო ინვენტარი
და სამხსოვრო საჩუქრები პირველკლასელთათვის.
ვახტანგ ყოლბაიამ მოკლედ ისაუბრა
ქ. სენაკში მივლინების შედეგების შესახებ. მისი განცხადებით, ქ. სენაკის ჟიული შარტავას
სახელობის მე-2 საჯარო სკოლის დირექციის მიწვევით, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული
შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ესწრებოდნენ
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, სენაკის
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, გურამ გაბესკირიას და გენო ადამიას ახლობლები, ფართო
საზოგადოებრიობა. ღონისძიების მონაწილეებმა გაიხსენეს ჟიული შარტავას ცხოვრება და მოღვაწეობა,
მისი და მისი თანამებრძოლების გმირული აღსასრული.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყოლბაია, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტი თავმჯდომარე ზურაბ ჯგუბურია.
პრეზიდიუმის დასრულების შემდეგ, გაიხსნა
პლენარული სხდომა.
სესიამ განიხილია უმაღლესი საბჭოს
რეგლამენტში ცვლილებების შეტანის საკითხი, რომლის შესახებ ინფორმაცია იურიდიულ და საპროცედურო
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ წარადგინა. მისი განცხადებით, კომიტეტებისა
და ფრაქციების წარმომადგენლებთან ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაო, გათვალისწინებულ იქნა
ყველა შენიშვნა და რეკომენდაციები. საკითხის განხილვის შემდეგ, დეპუტატებმა კენჭისყრით
მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებას.