სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა.

ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო სოხუმში, ქალაქის დაცემამდე გადაღებული ფოტოები, რომლებიც იმდროინდელ ქალაქს, მის ყოველდღიურ ცხოვრებას წარმოაჩენდა.

საგამოფენო სივრცეში ასევე მოეწყო ისტორიული ნივთების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სოხუმიდან და აფხაზეთიდან წამოღებული პირადი ნივთები.

ღონისძიების ძირითადი ნაწილი მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ გახსნა.

მთავრობის თავმჯდომარემ 27 სექტემბრის ტრაგიკულ მნიშვნელობაზე, ოჯახების მიერ განცდილ უდიდეს ტკივილსა და დევნილთა დაბრუნების იმედზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ მომავალი უნდა აშენდეს არა დაპირისპირებითა და შურისძიებით, არამედ მშვიდობით, დიალოგითა და ნდობის აღდგენით.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თეატრალიზებული წარმოდგენა, რომელიც 33 წლის წინ აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიას მიეძღვნა. საღამო აფხაზეთის შემოქმედებითმა კოლექტივებმა ცოცხალი მუსიკალური შესრულებით გააფორმეს.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის მოადგილე, საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ეროვნული გმირების ოჯახის წევრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.

გალერეა

სხვა სიახლეები