11 თებერვალს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. პრეზიდიუმის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხის შესახებ იმსჯელეს.
კერძოდ, მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების საერთაშორისო საჯარო და საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი ანალიზის მომზადებასთან დაკავშირებით გაწეული სამუშაოსა და საგანმანათლებლო პროექტების - აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე „დისტანციური სწავლებები“ და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან სტუდენტებისათვის „საშაბათო ინგლისური ენის კურსები“-ს მიმდინარეობის შესახებ.
ზემოაღნიშნული პროექტების მიმდინარეობაზე შესაბამისი ანგარიშებით წარსდგნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნოდარ თოფურიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობის კოორდინატორი ნანა კვარაცხელია.
პრეზიდიუმის სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე ანზორ ლაცუზბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი გელენავა და გალის რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია ესწრებოდნენ.
პრეზიდიუმის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მოიწონეს გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშები და გამოხატეს სრული მხარდაჭერა პროექტების წარმატებით განსახორციელებლად.