„გალის ადმინისტრაციაში ახლა არის ვაი–უშველებელი ატეხილი. დაიწყეს გამოძიება თუ ვინ გასცა ამ ქალბატონს აფხაზური პასპორტი და ა.შ. ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევის კლასიკური მაგალითი. გალის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ადამიანებად არ თვლის, მათ არ უნდა ჰქონდეთ გადაადგილების უფლება. ისინი ახლა რასაც პასპორტს უწოდებენ, ეს არის ჩვეულებრივი საშვი, რომ იარონ თავისუფლად აფხაზეთში და გადავიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ჩემი ინფორმაციით, იწყება იმის გამოძიება თუ ვინ გაბედა და მისცა გალელს ეს ე.წ აფხაზური პასპორტი” - აცხადებს ჯემალ გამახარია.
“მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთის მოსახლეობას აფხაზურ ენაზე მიეწოდება სრული ინფორმაცია თუ როგორ უნდა დაიცვან კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები. გალის მოსახლეობა სრულად არის ინფორმირებული არსებული ვითარების შესახებ. მეორე საკითხია, რამდენად სრულდება ეს იქ რეკომენდაციები. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გალის რაიონში მეტნაკლებად სრულდება, მაგრამ ოჩამჩირის იქით ძველებურად ტარდება ქორწილები, ქელეხები, რაც ყოვლად დაუშვებელია. ასევე მუშაობას განაგრძობენ რესტორნები და კვების ობიექტები მიუხედავად იმისა, რომ ეს აკრძალულია.
რაც შეეხება მდგომარეობას ფსოუზე, ე.წ. საზღვარი ჩაკეტილია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ვეყრდნობი ღია აფხაზურ წყაროებს, ჩაკეტილი საზღვრის გადმოლახვას აქვს მცდელობა. გამოდის, რომ „საზღვარი“ თითქოს ჩაკეტილია, თუმცა ადამიანები მაინც შემოდიან აფხაზეთში! ახლა იყო საუბარი, რომ ჩეჩნეთიდან ძალიან დიდი ჯგუფი ჩავიდა აფხაზეთში. როგორ და რანაირად მოხვდნენ ისინი აფახაზეთში თუ ჩაკეტილია ე.წ საზღვარი? დიახ, დარღვევებს აქვს ადგილი. აფხაზეთში იმ დონეზეა კორუფცია, რომ იქ რაიმე კანონის აღსრულება ძალიან ძნელია“, აღნიშნა „თაიმერთან“ ინტერვიუში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.