ჯემალ გამახარია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ დევნილთა მხარდამჭერ რეზოლუციას ეხმაურება

ნაბიჯი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციისკენ


 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო მიესალმება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ამა წლის 3 სექტემბერს მიღებულ მორიგ რეზოლუციას „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას ამჯერად მხარი დაუჭირა სახელმწიფოთა რეკორდულმა რაოდენობამ - 84, მოწინააღმდეგეთა რიცხვი კი მინიმალურია - 13. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით მსოფლიო ფორუმზე მიღებული დოკუმენტის სულისკვეთება უცვლელია. სრულიად ცალსახაა - საერთაშორისო საზოგადოებრიობა, მთელი ცივილიზებული სამყარო არასოდეს შეეგუება ძალადობის გზით დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლის მცდელობას, ასეულ ათასობით ადამიანის დევნილობაში ყოფნას, მათი საკუთრების უფლების ხელყოფას, წლების განმავლობაში მთელი რიგი ჰუმანიტარული პრობლემების მოუგვარებლობას.


გაეროს 2020 წლის 3 სექტემბრის, რეზოლუცია წარმოადგენს ქართული დიპლომატიის სერიოზულ წარმატებას, კიდევ ერთ ნაბიჯს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციისკენ. იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გამონახავს მიღებული რეზოლუციების იმპლემენტაციის გზებსა და საშუალებებს, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი პრობლემები, გადავარჩინოთ აფხაზეთი, რომელსაც ჰუმანიტარული კატასტროფა და რუსული ანექსიის რეალური საფრთხე ემუქრება.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions