დავით გვაძაბიას მოსაგონარი

დღეს, სამწუხაროდ, ისე შემოგვეჩვია სიკვდილი, რომ თითქოს ჩვენ გვერდით ცხოვრობს. ყოველდღიურად ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ქრება. დაძაბული ხარ, ვინმე შენიანი არ გაიწიროს. ამჯერად ეს ტკივილი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსაც გვეწვია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაგვტოვა სამმა დამსახურებულმა პიროვნებამ და აფხაზეთის ჭირისუფალმა. შემდეგი კი დავით გვაძაბია აღმოჩნდა.


დიახ, როდესაც შენ გვერდით მდგომი ადამიანი, აფხაზეთის ჯოჯოხეთიდან გამოსული, უკვე მესამედი საუკუნეა იმედითა და მშვიდი მოლოდინით ელოდება სანუკვარი ოცნების ასრულებას, მშობლიურ სანახებში დაბრუნებას, უცებ უხილავი და ვერაგი ვირუსი დაუნდობლად გამოსტაცებს ამქვეყნიურ ცხოვრებას და უსასრულო მარადიულ ბილიკებზე განამწესებს მის დაღლილ სულს...

 

დავით გვაძაბიამ იცხოვრა და იღვაწა თავის წილ წუთისოფელში კაცურად, ადამიანურად და დატოვა თავისი მონაგარი, ყველაზე მთავარი კი - სახელი, რომელიც დიდხანს გაჰყვება მის შთამომავლობას.

დავით გვაძაბიაზე, ჩვენს დათოზე, ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება. მთავარი თვისება, რომელიც მის პიროვნებას ახასიათებდა, ის იყო, რომ არასოდეს გამოხატავდა თავის გულისტკივილს სახალხოდ. მას შეეძლო თავისი სევდა სადღაც გულის სიღრმეში დაემალა და იუმორის გასაოცარი გრძნობით გადმოეცა სათქმელი და მოსაუბრე ვერასოდეს მიხვდებოდა მისი გულის კუნჭულში დამალულ ტკივილს. ასეთი თვისება ადამიანის განსაკუთრებულ მგრძნობელობაზე მეტყველებს. ეს ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ ის ვერ შექმნიდა იმ ლამაზ და შესაშურ ბიოგრაფიას, რითაც შეუძლია იამაყოს მისმა ნაგრამმა.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ დავით გვაძაბია ნამდვილად დააკლდა არა მარტო აფხაზეთის, არამედ ქართულ საზოგადოებას, მის ინტელიგენციას, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და მის საყვარელ ოჯახს.

ბატონმა დავითმა, რაც ყველაზე მისაბაძი და დასაფასებელია, ცხოვრების ძალიან საინტერესო გზა განვლო. ის რიგითი თანამშრომლიდან აფხაზეთში ერთ-ერთი ულამაზესი და დიდი რეგიონის - გულრიფშის პარტიული და ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი გახდა. ეს კი განაპირობა იმ თვისებებმა, რომლებიც მაღალკვალიფიციური მენეჯერისთვისაა დამახასიათებელი. აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ აფხაზეთის დევნილ უმაღლეს საბჭოში ყოველთვის წამყვან პოზიციებზე იმყოფებოდა და, ამასთან ერთად, ერთ-ერთი მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრიც გახდა. ყველგან, სადაც მოღვაწეობდა ბატონი დავითი, დატოვა საკუთარი ხელწერა და ნათელი კვალი.

ძნელია დავით გვაძაბიაზე წარსულში ილაპარაკო, ვინაიდან მისი ცხოვრების წესით იგი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ეს გამოიხატებოდა თანადგომის საოცარი უნარით, მისი სწორი და სასარგებლო რჩევებით, მუდმივი მზადყოფნით დახმარებოდა ჭირსა თუ ლხინში თავის გვერდით მდგომებს.

სამწუხაროა, რომ ბატონი დავითი და მისი მეუღლე, ქალბატონი ანჟელა, ერთდროულად გაუყვნენ მარადისობის ბილიკებს. ეს ოჯახისთვის მოურჩენელი ტკივილი და ტრაგედიაა.

ამქვეყნიდან წავიდა კაცი და დატოვა დიდი სიცარიელე მისი კოლეგებისა და მეგობრების გულში. ბატონი დავითი იყო ქართულ-აფხაზური ტრადიციების უანგარო დამცველი, შესანიშნავი ოჯახის თავკაცი და სასახელო შვილების მამა.

ნათელი დაგიმკვიდროს, ჩემო დავით, უფალმა მარადიულ სასუფეველში.

შენი კოლეგა და მეგობარი მურმან კვარაცხელია

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions