ჯემალ გამახარიამ განაცხადა, რომ ა.წ. 9 სექტემბერს ბატონმა ვ. პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც მოწონებლია რუსეთსა და აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შემუშავებული შეთანხმების პროექტი; რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეძლევა უფლებამოსილება აფხაზურ მხარესთან წინასწარი მოლაპარაკების შემდეგ ხელი მოაწეროს აღნიშნულ შეთანხმებას.
ვ. პუტინის განკარგულებას თან ერთვის შეთანხმების პროექტი. მისი პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ „ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ ამ მხარის მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა“. აი ეს არის ის, რაც რუსეთს სჭირდებოდა - თანხმობა, რომ რუსებმაც მიიღონ აფხაზეთის მოქალაქეობა ისე, როგორც აფხაზები ღებულობენ და მიიღებენ მომავალში რუსეთის მოქალაქეობას. შეთანხმების პროექტის პირველი მუხლის მეორე პუნქტი კი მიზნად ისახავს აფხაზების დაშოშმინებას. მეორე პუნქტში წერია, რომ „მოქალაქეობის მინიჭება და შეწყვეტა იმ ნაწილში, რომელიც ამ შეთანხმებით არ რეგულირდება, ხორციელდება მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად“. მეორე პუნქტიდან გამომდინარე, აფხაზეთის დე-ფაქტო მმართველები პირდაპირ ატყუებენ აფხაზეთის საზოგადოებას, საკუთარ ხალხს, რომ თითქოს აფხაზურ კანონმდებლობაში არავითარი ცვლილება არ შედის და რომ თითქოს მხოლოდ აფხაზური მხარი გამარტივებული წესით მიიღებს რუსულ მოქალაქეობას, მაგრამ სამაგიეროდ რუსებიც რომ მიიღებენ აფხაზურ მოქალაქეობას, ამაზე ყურადღებას განზრახ არ ამახვილებენ.
ჩვენი აზრით რუსეთმა მიაღწია თავის მიზანს, რადგანაც აფხაზური მხარე, ისევე როგორც რუსული მხარე, იღებს ვალდებულებას მიანიჭოს თავისი მოქალაქეობა რუსეთის მოქალაქეებს, რუსებს. ამით მოსკოვმა გადადგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი აფხაზეთის ანექსიის გზაზე. აღნიშნული შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ, სამთავრობო გადაწყვეტილების დონეზე მოხდება პროცედურული საკითხების დარეგულირება. ისმის კითხვა: რატომ არ განისაზღვრა პროცედურები ამ შეთანხმებით? ეს გამოიწვევდა ძალიან დიდ მღელვარებას აფხაზურ საზოგადოებაში, რადგანაც გამოჩნდებოდა, რომ რუსებიც ღებულობენ აფხაზეთის მოქალაქეობას. მოგეხსენებათ, დღეს აფხაზეთში დუღილის ტემპერატურა ისედაც არის ძალიან მაღალი ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების პროექტის ამ სახით გამოქვეყნების მიზანს წარმოადგენს ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებული შეთანხმების რატიფიკაციისთვის სასურველი ფონის შექმნა, რაც პირდაპირ დაადასტურა რუსეთიდან სოხუმში გამოგზავნილმა ნოტამ ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის აუცილებლობის თაობაზე. ეს თემები ერთმანეთზე არის მიბმული. იმისათვის, რომ ნაკლები წინააღმდეგობა იყოს, შემოაგდეს ორმაგი მოქალაქეობის თემა, სადაც თითქოს უფრო მეტად ჩანს, რომ აფხაზები იღებენ რუსეთის მოქალაქეობას, მაგრამ არ ჩანს თუ რუსები როგორ ღებულობენ აფხაზეთის მოქალაქეობას.
ერთი სიტყვით, რუსეთი ცდილობს თავს მოახვიოს აფხაზეთს ისეთი შეთანხმება, რომელიც დააჩქარებს მიმდინარე მცოცავი ანექსიის პროცესს.
შექმნილ ვითარებაში რა შეიძლება იყოს ჩვენი პასუხი? პირველ რიგში, უნდა გავააქტიუროთ მეცადინეობა იმისათვის, რომ უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი მოქალაქეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რაც შეიძლება მალე იყოს მიღებული და კანონად ქცეული. მეორე ნაბიჯი უნდა იყოს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების უმაღლესი საბჭოს სპეციალური დადგენილებით გაუქმება, როგორც ეს ჩვენ ამას ჩვეულებრივ ვაკეთებთ ანალოგიურ შემთხვევაში. და მესამე - საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციებში აუცილებლად უნდა აისახოს ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის თემა სათანადო შეფასებით; ამასთანავე უნდა გაცხადდეს, რომ აფხაზებისთვის გაცემული რუსული პასპორტები არ იქნება აღიარებული საერთაშორისო არენაზე.