მრავალ გიორგობას, თანამოქალაქენო!

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 6 მაისსა და და 23 ნოემბერს - დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. 23 ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის ბორბალზე წამება თავისი სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება.

 

მეოთხე საუკუნიდან წმინდა გიორგის განსაკუთრებულ თაყვანს სცემდნენ საქართველოში და მას წმინდა გიორგის ქვეყანას - გეორგიას უწოდებდნენ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კირიონის ცნობით, წმინდა გიორგი კაბადოკიელი მესხი იყო, ხოლო წმინდა არსენ იყალთოელის მოწმობით, წმინდა ნინო - საქართველოს განმანათლებელი, დიდმოწამის ბიძაშვილი იყო. ჩვენს ქვეყანაში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრები აგებულია არა მარტო ქალაქებსა და სოფლებში, არამედ კლდეებზე, მთის მწვერვალებზე და მიუვალ ადგილებში, რომელთა კედლებს ამშვენებენ მისი ცხოვრებისა და სასწაულების გამომსახველი უძველესი ფრესკები. ხალხი მას ქართველთა მფარველს,  მათ ფარსა და მახვილს უწოდებს.

არსებობს გადმოცემები, მათ შორის დავით აღმაშენებლის მემატიანის ცნობები თუ როგორ დაეხმარა წმინდა გიორგი ქართველთა ლაშქარს დიდგორის ბრძოლაში; საინტერესოა, აგრეთვე,  შავნაბადას მთის ძირში გამართული ბრძოლის ისტორიაც, როცა  ქართველთა მცირერიცხოვანმა ლაშქარმა მრავალრიცხოვანი მტერი დაამარცხა. ამ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა უცხო მხედარმა, რომელიც, გადმოცემის თანახმად, ქართველთა დასახმარებლად მთის წვერიდან შურდულივით დაეშვა. გამარჯვების შემდეგ სიმამაცით გამორჩეული მეომარი, რომელიც მთის წვერიდან დაეშვა, მხედართმთავარმა შავი ნაბდით დაასაჩუქრა. როდესაც ყველანი სამადლობელი პარაკლისის გადასახდელად მთის მწვერვალზე აგებულ ტაძარში შევიდნენ, შავნაბდიანი მხედარი სულ მთლად გაბრწყინდა და ყველამ შეიცნო წმინდა დიდმოწამე გიორგი. მას შემდეგ ამ მთას შავნაბადას მთას უწოდებენ, ხოლო მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას, შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესიას.

წმინდა გიორგი, მისი ხატი, უპირველესად, დრაკონის განმგმირავი სახე არის ქრისტეს ეკლესიის გამარჯვების სიმბოლო ბოროტებასა და ცოდვაზე, ხილულ მტრებზე, რომლებიც სამართლიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდნენ.

წმინდა გიორგის სახელი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა და სარგებლობს აფხაზეთშიც. გაგრიდან გალის რაიონამდე  დაფიქსირიბულია დიდმოწამე გიორგის სახელის მატარებელი 25-მდე ეკლესია, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილი გადაურჩა ათეისტურ ბაქხანალიას. მათ შორის უპირველესია ზოგადქართული მნიშვნელობის სალოცავი - ქართული წარწერებით შემკობილი ილორის წმინდა გიორგის ეკლესია. იგი გახლავთ ერთადერთი ტაძარი აფხაზეთის ამჟამინდელ ტერიტორიაზე, რომელსაც მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე ღმრთისმსახურება არ შეუწყვეტია.  ილორის მთავარ სიწმინდეს წმინდა გიორგის სამფრთიანი დასაკეცი ფორმის სასწაულმოქმედი ხატი წარმოადგენდა. ქართველ ქრისტიანებთან ერთად მას თაყვანს სცემდნენ  აფხაზი მაჰმადიანებიც და წარმართებიც. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ ილორის ეკლესიაში წმინდა გიორგის თითქოს კუთვნილი რკინის მშვილდი და მასთან ერთად 12 რკინის ისარი ინახებოდა, რომლითაც დიდმოწამე  ურწმუნო დამპყრობლებისაგან ქრისტიანებს იცავდა.

მიუხედავად ოკუპანტების მიერ ჩატარებული „რესტავრაციის“ შედეგად ტაძრის ავთენტურობის შეცვლის ბარბაროსული მცდელობისა, ილორის წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის მეტოქი თბილისშიც გაიხსნა, სამუდამოდ დარჩება ქართველთა ერთ-ერთ მთავარ სალოცავად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ულოცავს სრულიად საქართველოს, უპირველესად, ენგურსგაღმა და გამოღმა მცხოვრებ აფხაზეთის ყველა მკვიდრს, გიორგობის დღესასწაულს. „ღრმად მწამს, ბოროტებასა და ცოდვაზე, უსამართლობაზე, სიკეთე გაიმარჯვებს; გაერთიანდება გახლეჩილი საქართველო. ღვთისა და დიდმოწამე გიორგის შეწევნით, თითოეული ჩვენგანის ზნეკეთილობით, სულიერი სიმტკიცით დავძლევთ არსებულ დაპირისპირებას და ქართველები, აფხაზები და ოსები შევძლებთ გაერთიანებული ლოცვის აღვლენას ჩვენი ერთიანი, ძლიერი საერთო სამშობლოსათვის!“- აღნიშნავს ჯემალ გამახარია

 

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions