ბიუჯეტის 9 თვის შესრულება -აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სხდომების განსახილველი საკითხი


ორივე სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა. როგორც მან განაცხადა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაცია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შედეგების შესახებ“ განხილულია უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში, დეპუტატები აუდიტის შეფასებასაც გაეცვნენ; შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა საკითხის განხილვის პლენარულ სხდომაზე გაგრძელება.

 

მოხსენებით დეპუტატების წინაშე მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია წარდგა. მოხსენების შემდეგ, დეპუტატებმა ვახტანგ ყოლბაიამ, ანზორ წოწონავამ, რაისა ქარაიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა მომხსენებელს რამდენიმე კრიტიკული შეკითხვა დაუსვეს და ცალკეულ პუნქტებთან დაკავშირებით დაზუსტება მოითხოვეს.

 

თანამომხსენებელმა, უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მურმან კვარაცხელიამ  საბიუჯეტო პარამეტრები დეტალურად მიმოიხილა. საყურადღებო ხარვეზებზე კრიტიკული აქცენტების პარალელურად, წინა წელთან შედარებით, ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შედეგების  დადებით ტენდენციებსაც გაუსვა ხაზი.

სესიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძემ, რომელმაც ყურადღება საბიუჯეტო მონაცემებში დაფიქსირებულ ხარვეზებსა და ცდომილებებზე გაამახვილა. მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მუდმივად ხდება ბიუჯეტში ცვლილებები, რაც მისივე განმარტებით, არასათანადო, არასწორი დაგეგმვის შედეგია. აუდიტის სამსახურის წარმომადგენლის შეფასებით, ზოგადად, ძვრები უკეთესობისკენ არის, თუნდაც სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით, ცალკეული სხვა საბიუჯეტო პარამეტრის მიმართულებითაც, თუმცა დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება აუცილებელია, რათა მოხდეს პრევენცია და წლიური რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებისათვის საკანონმდებლო ცვლილება მუდმივად არ იყოს საჭირო.

 

სიმწვავითა და კრიტიკულობით იყო გამორჩეული უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამაზ ხუბუას გამოსვლა, რომელიც დეტალურად შეეხო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის შედეგებს. შეაფასა ცალკეულ სამინისტროებში, სიპებსა და აიპებში, სარეზერვო ფონდში ბიუჯეტის თანხების ხარჯვის მართლზომიერება. მისი განცხადებით, სიპებისა და აიპების მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ხარვეზებია მთავრობისა და მასზე დაქვემდებარებული სტრუქტურების ბიუჯეტის დაგეგმვაში, თვალშისაცემია ინერციული ქმედებების სიმრავლე და საკადრო არაპროფესიონალიზმი. თამაზ ხუბუას მიაჩნია, რომ აფხაზეთის ბიუჯეტი არასათანადო ეფექტიანობით იმართება; მისი თქმით, აღნიშნულის გამოსწორებისათვის საჭიროა უმაღლესი საბჭოს კომიტეტების წარმომადგენლებმა მეტი პრინციპულობა გამოავლინონ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შედეგების თაობაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ფრაქციის ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა” თავმჯდომარემ, რაისა ქარაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, რუდიკ ცატავამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ყოლბაიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ჯგუბურიამ.

 

პლენარული სხდომის მუშაობა თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ შეაჯამა. როგორც მან აღნიშნა,   „ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში  - ეს არის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ის უკვე გვაჩვენებს, რა შედეგები და რა პრობლემები გვექნება წლის ბოლოსთვის. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი - ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში ნათლად წარმოაჩენს - რა როგორ უნდა დავგეგმოთ მომავალი წლისათვის, რომ ბიუჯეტში ხარვეზები მაქსიმალურად გამოირიცხოს. ამ თვალსაზრისით პლენარულ სხდომაზე გამართულ დისკუსიაზე ბევრი საინტერესო და საყურადღებო მოსაზრება გამოითქვა“, - რაც, ჯემალ გამახარიას განცხადებით,  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ  აუცილებლად უნდა გაითვალოსწინოს.

 








Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions