ანზორ წოწონავა: “ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა - ეროვნული უსაფრთხოებისა და ხალხთა შორის ნდობის განმტკიცების სოციალურ-სამართლებრივი ასპექტები“

 

კაცობრიობის განვითარების ისტორიიდან ცნობილია, რომ მსოფლიოში არ არსებობდა სახელმწიფო, რომელსაც არ ჰქონდა გარკვეული ფუნდამენტური პრობლემა ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს პრობლემა საქართველოს და სხვა ყოფილ რესპუბლიკებს: უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვას შეეხო. უკვე თითქმის 30 წელზე მეტია დარღვეულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულია მთელი რიგი ღონისძიებები, ხოლო გაეროში ამ საკითხის განხილვა ხდება სისტემატურად ყოველ წელს. საქართველოს პარლამენტში შექმნილმა კომისიამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით სერიოზული სამუშაოები ჩაატარა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ჩამოყალიბებულიყო სათანადო დასკვნა, შექმნილიყო გარკვეული სისტემა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სტრატეგიული სისტემის უქონლობამ განაპირობა პრობლემის ინტერნაციონალიზაცია. ამით ჩვენ რეალურად გადავაბარეთ საერთაშორისო თანამეგობრობას ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაწყვეტა და ამიტომ მისი მოგვარება გადავადდა გაურკვეველი პერიოდით. ვითარებას ართულებს ისიც, რომ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ანალოგიური კონფლიქტის მოგვარება პირდაპირ დამოკიდებულია წამყვანი დიდი ქვეყნების სტრატეგიულ მიზნებზე, რაც, როგორც წესი, არაადეკვატურ შესაბამისობაშია პატარა ქვეყნების სუვერენულ ინტერესებთან.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებული არც ერთი მოსაზრება, სამწუხაროდ, არ იქნა სერიოზულად განხილული. წლების განმავლობაში მოლაპარაკებების თითქმის ყველა დონეზე ყოველთვის იყო დაპირება აფხაზეთის „ფართო ავტონომიის“ სტატუსის მინიჭების თაობაზე, მაგრამ არავითარი სამართლებრივი დოკუმენტი მიღებული არ ყოფილა. დღემდე არ არის ჩამოყალიბებული ზოგადი კონცეფციაც კი „ფართო ავტონომიის“ შესახებ, რომელიც დააკმაყოფილებდა ურთიერთ ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, სამართლიანობისა და ურთიერთპატივისცემის დაცვით.  როდესაც საფრთხეებზე და გამოწვევებზეა საუბარი, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტი ძირს უთხრის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოების სისტემას და ქმნის დაუცველობის განცდას საზოგადოებაში.


აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა დეოკუპაციის პროცესში მნიშვნელოვანია. სწორედ ამაზეა ყურადღება გამახვილებული წინამდებარე კვლევაში. მიგვაჩნია, რომ საჭიროა გატარდეს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ისეთი სპეციფიკური რეფორმები, რომლებიც უშუალოდ აისახება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, თითოეული ადამიანის ყოფაზე და განაპირობებს მათი შეხედულებების, ცნობიერების მნიშვნელოვან გარდატეხას, რადგან დეოკუპაციის სამართლებრივი პოლიტიკა ვერ იქნება ეფექტიანი „ნდობის აღდგენის“ გარეშე. ყოველივე, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას აკისრებს ვალდებულებას შეთანხმებული მოქმედებით, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდით, მოახდინოს ქვეყნის ყველა ძირითადი მიმართულებით უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმულირება და კონტროლისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.


როგორც აღვნიშნეთ, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის საკითხი, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები ცხადყოფს,  რომ დღის წესრიგში უნდა დადგეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის რეფორმირება და მუდმივი ადაპტაცია. ვინაიდან, როგორც დასავლეთის დემოკრატიულ სახელმწიფოებშია მიჩნეული, უსაფრთხოების სისტემა არის დინამიური და იგი უნდა განიცდიდეს მუდმივ ცვლილებებს. ამასთან, საერთაშორისო დონეზე აღიარებული პრინციპების შესაბამისად, აღნიშნულ პროცესში დაცულ უნდა იქნას გამჭირვალობა, ობიექტურობა და პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება ქვეყნისა და ხალხის წინაშე, მყისიერი რეაგირება ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებებზე.


ეროვნული უსაფრთხოება შინაარსობრივად მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა სამხედრო უსაფრთხოება (ეროვნული თავდაცვა), პოლიტიკური უსაფრთხოება (სახელმწიფოს, როგორც ორგანიზაციის სტაბილურობა, მიდგომებისა და იდეოლოგიების სისტემა), ეკონომიკური უსაფრთხოება (სახელმწიფო რესურსების, ფინანსების და ბაზრების ხელმისაწვდომობა, კეთილდღეობისა და სახელმწიფო სტაბილურობის მიზნებისათვის), საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა და სხვა.


აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული უსაფრთხოების ცნება დამოკიდებულია ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ტერმინი იმდენად ზოგადია, რომ ფაქტობრივად მოიცავს ყველა ძირითად მიმართულებას და ხაზს უსვამს მხოლოდ ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებს.


რაც შეეხება ტერმინის შინაარსს, იგი ძირითადში დამოკიდებულია ლიდერთა იდეებზე, პოლიტიკურ შეხედულებებზე, კულტურის განვითარების დონეზე და სხვა.


ისიც უნდა ითქვას, რომ ტერმინის განმარტებასთან დაკავშირებით არ არსებობს ერთიანი პოზიცია. ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგალითად, პოლიტიკოსთა შეხედულების მიხედვით, ამერიკულ სამეცნიერო ლიტერატურაში განმარტავენ, რომ ეროვნული უსაფრთხოება არის ქვეყნის მთლიანობისა და ტერიტორიების შენარჩუნების უნარი, საზღვრის კონტროლი, ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება სხვა ქვეყნებთან, გარემოს დაცვა, ინსტიტუტების და მმართველობის შენარჩუნება, ხოლო ზოგიერთი პოლიტიკოსის თვალსაზრისით, ეროვნული უსაფრთხოება მოიცავს არა მხოლოდ ზემოაღნიშნულს, არამედ, ქვეყნის მოქალაქეთა დაცვის უზრუნველყოფას, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა.


ქართულ რეალობაში, როგორც აღინიშნა, ეროვნული უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა არის ტერიტორიული მთლიანობა. ოკუპაციის ფაქტი გავლენას ახდენს ეროვნული უსაფრთხოების მთელ სისტემაზე. ამასთან, უსაფრთხოების სექტორის ფართო გაგება, რაც მოცემულია გაეროს განვითარების პროგრამაში, მოიცავს შემდეგს: 1. სამხედრო და საპოლიციო სახელმწიფო ორგანოები, შეიარაღებული ძალები, დაზვერვა, სპეცსამსახურები, უსაფრთხოების სამსახური და სხვა. 2. სამოქალაქო მართვისა და ზედამხედველობის ორგანოები: პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების სათათბირო ორგანოები, სამინისტროები, ფინანსური მართვის ორგანოები; 3. სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოები: სასამართლო ხელისუფლება, სახალხო დამცველის აპარატი; 4.მედია, რელიგიური ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოებრივი ჯგუფები. ასევე აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების ფართო გაგება მოიცავს არალეგიტიმურ სამხედრო ძალებს ორგანიზაციებს და ტერორისტულ ორგანიზაციებს.


ეროვნული უსაფრთხოების დემოკრატიული კონტროლი ზოგადად აღიქმება, როგორც შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სხვა დაწესებულებების დაქვემდებარების პროცესი, იმ პირებსა და ორგანოებზე, რომელნიც არჩეულნი არიან მოსახლეობის მიერ დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნებით.” ეროვნული უსაფრთხოების შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ეროვნული უსაფრთხოების სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ სწორედ ზემოაღნიშნულ პირებს და მათი მოქმედება უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად, ხალხის ნების შესაბამისად.


დასავლური დემოკრატიული გამოცდილება დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია უზრუნველყოფს საიმედო და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისათვის, ასევე კრიტიკული მოსაზრებების გაშუქებას და გახმოვანებას, რაც ხელს უწყობს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით დებატების წარმართვას და სახელმწიფო საქმიანობის შეფასებას. ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ ცვლილებები და რეფორმები, რომელსაც საფუძვლად უდევს დებატები, ზრდის ეროვნული უსაფრთხოების ეფექტიანობას. ნდობის აღდგენის მიზნებისათვის ეროვნული უსაფრთხოების სფეროში რეფორმების გატარება რასაკვირველია უნდა წარიმართოს მკაცრი დემოკრატიული კონტროლის ფონზე, ეროვნული უსაფრთხოების სფეროს რეფორმებისთვის დადგენილი მაღალი სტანდარტის შესაბამისად. რაც შეეხება სამოქალაქო კონტროლის პროცესს, პარლამენტი აღნიშნულს ახორციელებს საკანონმდებლო ბაზის შექმნით, აღმასრულებელი ხელისუფლება კი სწორი და ეფექტიანი ადმინისტრირებით.


უსაფრთხოების სფერო არის დინამიური და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საჭიროებს მუდმივ რეფორმირებას, მით უმეტეს ისეთი განვითარებადი სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა და მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. უსაფრთხოების სფეროში რეფორმების გატარება დაკავშირებულია არა მხოლოდ უსაფრთხოების სექტორის ახლებურ ადმინისტრირებასთან, არამედ დასახული პრობლემის გადაჭრის სწორი პოლიტიკის შემუშავებასთანაც. თავის მხრივ, უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია სამოქალაქო კონტროლის განხორციელება. ეროვნული უსაფრთხოების შინაარსობრივი მხარე დასავლეთის სახელმწიფოებში გადის სწორედ უსაფრთხოების პოლიტიკის სწორ წარმართვასა და ეკონომიკური, პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებაზე.


ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს და დიდხანს გვექნება სერიოზული დაბრკოლებები, სანამ ქვეყანაში არ იქნება კონსტიტუციურად დალაგებული მართვის სამართლებრივი სივრცე.  ეს ეხება კონსტიტუციაში  შესატან ცვლილებებს, უფლებამოსილების განსაზღვრას ცალსახად ცენტრსა და რეგიონს შორის, ავტონომიების სტატუსს. საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად კონსტიტუციურად უნდა განისაზღვროს ქვეყნის მართვის სამართლებრივი სისტემა. თუ როგორი იქნება ის საბოლოოდ: რეგიონალური, ფედერაციული, კონფედერაციული, თუ უნიტარული.


დამოუკიდებლობის სამი ათეული წლის განმავლობაში ქვეყანაში არსებული სხვადასხვა სერიოზული პრობლემების გამო (სოციალურ-ეკონომიური და სხვა) ვერ მოხერხდა აფხაზეთის პრობლემატიკის გადაჭრის აქტივიზაცია. ჯერ კიდევ 1995 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გაკეთებული კვლევების თანახმად ეს პრობლემა აღმოჩნდა მე-17 ადგილზე. ამას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ 1996 წლის 17 აპრილის შემდეგ აფხაზეთის საკითხი გლობალურად არ განხილულა ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოში - პარლამენტში. გასაგებია ამის ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები შეიძლება იყოს მრავალი ფაქტორი, მაგრამ უმთავრესი, სამწუხაროდ, რჩება დამოუკიდებლობის აღიარებიდან დღემდე შიდა პოლიტიკური უთანხმოება, რადგანაც არ იქნა გათვალისწინებული მეცნიერულად  დემოკრატიული განვითარების უმთავრესი პრინციპები, რომელიც გაიარა ცივილიზირებულმა სამყარომ ათეული წლეების განმავლობაში ეკონომიკური კრიზისით, ინფლაციით, სამოქალაქო დაპირისპირებითა და ოპონირების ინსტიტუტის ჩამოყალიბებით.


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კონფლიქტური სიტუაცია დღემდე დაძაბულია. მისი დაბალანსებისთვის ხელმოწერილი რამდენიმე ათეული დოკუმენტი: (ხელშეკრულებები, მემორანდუმები, განცხადებები) დარჩენილია ფარატინა ქაღალდზე. მათი არსებობპირიქით ხელს უშლის პრობლემების გადაწყვეტას. ამას დაემატა ყოფილი მმართველი პარტიის (2003 წლიდან) ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ნაჩქარევი კონსტიტუციური ცვლილებები, რომელმაც დაარღვია სამართლებრივი ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის და შეიტანა სერიოზული დისონანსი ქვეყნის ხელისუფლებაში, რაც ხელს უშლის მის დემოკრატიულ განვითარებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც ეხება პარლამეტის შემადგენლობის შემცირებას რიცხობრივად 235 – 150 მდე სწორია, მაგრამ მისი დაკომპლექტება, სამწუხაროდ, საარჩევნო კოდექსში კი მოხდა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის 12 მაჟორიტარის  სადეპუტატო მანდატის (8 აფხაზეთის, 4 ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ერთეულების) გათვალისწინების გარეშე.


იურისდიქციის აღდგენამდე, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ეს სადეპუტატო ადგილები უნდა დარჩენილიყო ცარიელი, ვაკანტური. ამით რეალურად ნებსით თუ უნებლიედ დავეხმარეთ რუსეთს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო სუბიექტად აღიარებაში. დღემდე უცვლელია კონსტიტუციის მე-4 მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტი არის ორპალატიანი (რესპუბლიკის საბჭო და სენატი). ესეც მარტო ქაღალდზე დარჩა უცვლელად. პარლამენტი კი დღემდე ერთპალატიანია. სამწუხაროდ, დღემდე უშედეგოდ იხარჯება ქვეყნის უზარმაზარი მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი. ამის მთავარი მიზეზი არის სტრატეგიის, პრობლემების გადაწყვეტის ერთიანი სისტემის უქონლობა. ამიტომ პირველ ეტაპზე უნდა გაირკვეს რა გზით უნდა წავიდეს ქვეყანა, რომ  მის წინაშე არსებული გამოწვევები და საფრთხეები იქნეს დაძლეული.


კონფლიქტის ჩიხიდან გამოსაყვანად უნდა დაიგეგმოს განსხვავებული, რეალურ პოლიტიკურ მოცემულობაზე დაფუძნებული, ახლებურად გააზრებული სტრატეგია. დღეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში არსებული კონფლიქტების მოგვარების მაგალითებია გამოსაყენებელი, როგორიცაა: ბოსნია და ჰერცოგოვინა, ჰონკონგი-ჩინეთი, ლიბანი, სამხრეთ  ტიროლი- იტალია სადაც კონფლიქტების მოგვარებაში მთელი რიგი პრეცედენტები იყო დაშვებული. მხარეები წავიდნენ გარკვეული დათმობების გზით, რომელმაც განაპირობა არსებული დაძაბულობის მოხსნა და პრობლემის რეალური გადაწყვეტა. გარკვეულწილად ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ ამაში რეალურად მონაწილეობას ვერ ღებულობს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობა. მისი ყველა კომიტეტი და ფრაქცი. არ არის გამოკვეთილი აფხაზეთის მთავრობის (თავ-რე : რ. აბაშიძე) პოზიცია.


მისასალმებელია დღეს რაც კეთდება უმაღლესი საბჭოს ინიციატივით, ონლაინ რეჟიმითოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრები მომავალი თაობის განათლებაში, მათ დაახლოებას საქართველოში მიმდინარე პროცესებთან.


სერიოზულად საფიქრალია მთავრობისა და მისი სტრუქტურების რეფორმირების საკითხთან დაკავშირებით, რომ მისი ყველა დანაყოფის მუშაობა ორიენტირებული უნდა იყოს დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებთან ურთიერთობის განმტკიცებასთან დაკავშირებით, სამთავრობო პროგრამის რეალურ აღსრულებასთან. პროგრამა არ უნდა გახდეს ფარატინა ქაღალდი.


ამ პრობლემასთან დაკავშირებით საინტერესოა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „კონფლიქტის დარეგულირების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიური კვლევების ცენტრის“ მიერ პროექტის „საქართველოს აფხაზეთი და ჩინეთის ჰონკონგი“ (ძიებანი კონფლიქტის დარეგულირებისათვის) ფარგლებში. საინტერესო ნაშრომი იქნა მომზადებული სახელწოდებით“ჰონკონგი, ჩინეთი 1997“ ავტორები პროფესორები ჯემალ გახოკიძე და სოფო მიდელაშვილი. ნაშრომში კვლევის შედეგებთან ერთად გვთავაზობენ იმ მნიშვნელოვანი დოკუმენტის ქართულ თარგმანს, რომელიც საფუძვლად დაედო ჰონკონგის იურისდიქციაში მშვიდობიანი პოლიტიკური მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის უნიკალური პრეცედენტის შექმნას.   ნაშრომს თან ერთვის ჩინეთის  სახალხო რესპუბლიკის ჰონკონგის  სპეციალური ადმინისტრაციული ორგანოს კონსტიტუციაც.


მკვლევარებმა გადადგეს გაბედული ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით და ახალი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე კონფლიქტის ჩიხიდან გამოსაყვანად განსხვავებული სტრატეგია შემოგვთავაზეს, როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას.


დღეს არავისთვის არაა საიდუმლო, რომ მსოფლიოში ცხელი წერტილების არსებობას, მის დარეგულირებას სამყაროში ჯაჭვური რეაქციის ზეგავლენა ახლავს მუდმივად. მათი განეიტრალება შეიძლება მხოლოდ მხარეების ინტერესთა თანხვედრის შედეგად, თუნდაც კომპრომისით და ამით პოლიტიკური ნდობის მოპოვება. ამის არაერთი მაგალითია მსოფლიოში.


ჰონკონგის პრობლემა გადწყვეეტილ იქნა ჩინეთის ხელისუფლების, მისი ლიდერის დენ სიაოპინის მიერ გადადგმული პოლიტიკურად პრაგმატული ნაბიჯებით. ამას ხელი ვერ შეუშალა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სოციალიზმისა და ჰონკონგში კაპიტალიზმის არსებობამ. ჰონკონგს, როგორც ადმინისტრაციულ რეგიონს კონსტიტუციით მიენიჭა განსაკუთრებული უფლებამოსილება ჩინეთის რეგიონებისაგან განსხვავებით. ჰონკონგში ძალიან მაღალია დამოკიდებულებისა და მართვის ავტონომიურობის ხარისხი პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ სფეროში. ცალსახად გამიჯნულია უფლებამოსილება ცენტრსა და რეგიონს შორის. ცენრტალური ხელისუფლება ახორციელებს უშუალოდ საგარეო და თავდაცვით ფუნქციებს, ხოლო ჰონკონგის სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია, მისი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სასამართლოებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია დამოუკიდებლობის ხარისხი ეკონომიკაში. ჰონკონგს შეუნარჩუნდა თავისუფალი პორტისა და ცალკე საბაჟო ტერიტორიის სტატუსი.


ჰონკონგის პრეცედენტი არის უნიკალური თავისი პოლიტიკურ-სამართლებრივი ისტორიული თვალსაზრისით, რომელმაც პრაქტიკულად სრულიად ახლებურად წარმოადგინა მსოფლიოში მსგავსი პრობლემის მოგვარებოს პერსპექტივა და შესაძლებელი გახადა პარალელების გავლება, მსგავსებისა და განსხვავებების ძიება საქართველოს იურისდიქციას მოწყვეტილ რეგიონებთან დაკავშირებაში.


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს არაერთი მეცნიერული ნაშრომები, რომელიც მსოფლიოში, დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, სერიოზულად წაადგებოდა პრობლემის მოგვარებას, როგორიცაა სოხუმის უნივერსიტეტის ნაშრომები, რომელიც 2 ასეულზე მეტია დაგროვილი ბოლო წლების განმავლობაში და მათი გამოყენება, კონსოლიდირება,  სისტემატიზირება და პუბლიკაცია სახსრების უქონლობის გამო ვერ ხერხდება.


ძალზედ საინტერესოა უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ხონელიძის ბოლოდროინდელი მეცნიერული ნაშრომი „მშვიდობის ქართული პარადიგმა“, სადაც შემოთავაზებულია განათლების პოლიტიკის ახალი მიმართულება-საუნივერსიტეტო დიპლომატია, როგორც უნივერსიტეტის განახლებული მისია, მშვიდობის მშენებლობის თანამედროვე ფორმა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ახალი სახეობა. უნდა დავეთანხმო ამ წიგნის ავტორს. ის ფუძემდებლური იდეები, რომელიც მოცემულია ამ მეცნიერულ ნაშრომში „წარმოიშვა ქვეყანაში, რომლის იდენტიფიკაცია კითხვებს არ უნდა აჩენდეს. საქართველო არა თუ ასოცირდება, არამედ არის ევროპის ორგანული და განუყოფელი ნაწილი, მეტიც მის ერთერთი უმნიშვნელოვანესი განშტოება-აღმოსავლურის, დასავლურის, საკუთრივ კავკასიურის სინთეზი, რომელიც ორი კონტინენტის მიჯნას ქმნის“.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ზურაბ ხონელიძის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ არის ფილოსოფიურად ღრმა, მეცნიერული, პოლიტიკურად სამართლებრივი კონცეფციის ერთიანობის სინთეზი, რომელიც პრაქტიკულად უკვე აღსრულების პროცესშია შესული,  რადგანაც ავტორმა სხვა გზა არ დაუტოვა მის მიმღებს გამოქვეყნების შემდეგ  (ა. წოწონავა)1.

მიუხედავად არსებული მთელი რიგი პოლიტიკური დაძაბულობისა მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში საბედნიეროდ რეალურად ჩნდება ახალი პოზიტიური ჰორიზონტი გაყინული კონფლიქტების მოგვარების არეალში. პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველდღიურად მატულობს შემოქმედებითი მიდგომა არსებული დაძაბულობის განმუხტვაში. ამაზე მეტყველებს გარკვეული თანხვედრა პოზიციების მოწინააღმდეგე მხარეებს შორის. შეიძლება ეს ზღვაში წვეთი იყოს, მაგრამ დიდი იმედის მომცემია.


ამიტომ, ბუნებრივია ის გარემოება, რომ მიუხედავად საქართველოს რთული გეოპოლიტიკური მდებარეოობისა, მას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი ევროგაერთიანებაში. ის, საუკუნეები განაგრძნობდა თაობებით თავისუფლებისათვის ბრძოლას, თავისი კულტურით, თავისი ცნობიერებით  ბუნებრივი ევროინტეგრაციის თანმიმდევრულად განმტკიცებას, რასაც ბოლო ორნახევარი საუკუნეზე მეტი დრო დასჭირდა.

„საქართველოს ევროპული პერსპექტივა ეს არის საკითხი, რომელზეც ქვეყნის აწმყო და მომავალიც არის დამოკიდებული. მე-12 საუკუნის დასაწყისში, როდესაც გელათის აკადემია დაარსდა, მეფე დავით აღმაშენებელის ისტორიკოსი წერდა, გელათის იდეა სხვა ათენად და მეორე იერუსალიმად არის ჩაფიქრებულიო. ათენი და იერუსალიმი ანტიკური კულტურის და ქრისტიანული სულიერების ჰარმონიაა, რაც ევროპის რენესანსს დაედო საფუძვლად, მის აღორძინებას, რაც კაცობრიობის დიდი მონაპოვარია და მასთან მიახლოება, სულიერი ურთიერთობა ყველა ადამიანისათვის მიმზიდველია. თუ ქრონოლოგიურად ჩვენს ეპოქასთან უფრო დაახლოებულ პერიოდზე ვისაუბრებთ, ეს არის ერეკლეს ეპოქა - მისი გადაწყვეტილება იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც მაშინდელი საქართველო იმყოფებოდა, ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. საქართველოს სამეზობლო არ იცვლება, იგივეა, რაც ერეკლეს დროს იყო. ქვეყანას არჩევანის გაკეთება უწევდა რუსეთის, ოსმალეთისა და სპარსეთის იმპერიებს შორის. რუსეთი კი მაშინ ოსმალეთის იმპერიას უპირისპირდებოდა. პეტრე პირველს ევროპაში ფანჯარა ჰქონდა გაჭრილი, ასევე გაცხარებული რეფორმები ჰქონდა, რომელიც ნაწილობრივ დასრულებული იყო. ასე ვთქვათ, ევროპიზირებულიც გახლდათ. ერეკლეს გადაწყვეტილებასა და მის ვექტორს მოჰყვა მე-19 საუკუნე თერგდალეულებით, რომელიც სამი თაობისაგან შედგება, სოლომონ დოდაშვილით იწყება და მისი მოწაფეებით - ნიკოლოზ ბარათაშვილითა და დიმიტრი ყიფიანით გრძელდება და ილია ჭავჭავაძე აგვირგვინებს. ყველა მათგანის საქმიანობა, სემინარიებისა და გიმნაზიების დაარსება, საგანმანათლებო მოღვაწეობა, სწორედ თავისუფალ საქართველოს, დამოუკიდებელ, ევროპიზირებულ საზოგადოების ჩამოყალიბებისას ემსახურებოდა, რაშიც მხოლოდ გული და სული კი არ ჩადეს, სისხლიც ჩააქციეს ჩვენმა სახელოვანმა წინაპრებმა. ბევრი მათგანი შეეწირა კიდეც თავის საქმიანობას.“ (დ. მაღრაძე)


საბედნიეროდ ჩვენი წინაპრებისა და ხელისუფლების ძალისხმევა დღეს იძლევა რეალურ შანსს - საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულყოფილი წევრი. ამის წინაპირობა უკვე ღირსეულად გავლილია.


ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის შემდეგ ადეკვატურად იკვეთება ანექსირებული ტერიტორიებისა და იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების და მთლიანად, საერთო მდგომარეობის პოზიტიური ცვლილება.


ამ გადაწყვეტილების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა რა სარგებელს მიღებს გაზრდის თუ არა ეს ქართული მხარით დაინტერესებას. როგორც ცნობილია ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისაგან გასხვავებით, აფხაზეთში საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მიღებით დაინტერესებას ორი ფაქტორი განაპირობებს - სავაჭრო ურთიერთობა და განათლება. აფხაზების თქმით საქართველოში მათ ჯანდაცვის მხრივ ყველაფერი რიგზე აქვთ, რადგანაც ძვირად ღირებული მკურნალობასა და ოპერაციებზე საქართველოში 100% დაფინანსება აქვთ. ამაში შედის  საცხოვრებელი, კვება და ფულადი დახმარება. სამედიცინო მომსახურება ძალიან კარგი შეღავათია, მაგრამ აფხაზ ახალგაზრდებს უამრავი ბარიერები ექმნებათ იმის გამო, რომ ქართული მხარე დასავლეთში განათლების შესაძლებლობას ვერ აძლევს. ამიტომ იძულებული არიან რუსეთის შემოთავაზებული ლიმიტს დასჯერდნენ. „რეგიონში კორუფცია ყვავის, რუსეთის ბენეფიტების გამოყენების შესაძლებლობა ნაცნობობით წყდება, რაც ახალგაზრდებს განათლების მოტივაციას უკარგავს. არის კიდევ ერთი ალტერნატივა- თურქეთი, მაგრამ იქ სწავლისთვის ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნაა საჭირო და კიდევ ფინანსები  თავის სარჩენად.  რუსეთისა და საქართველოსგან განსხვავებით, თურქეთი აფხაზ სტუდენტებს არც ლიმიტს აძლევს,  არც საცხოვრებელს და არც კვების ხარჯს უფარავს.  ამიტომ,  მათ იქ სწავლა და მუშაობა ერთდოულად უწევთ. აფხაზ ახალგაზრდებს საქართველოც სთავაზობს განათლების  შესაძლებლობას, მაგრამ მათი სასაუბრო ენა რუსულია, საქართველოში კი  ქართულ და  ინგლისურ ენებზეა სწავლა. ახალგაზრდები იძულებულნი არიან ისევ აფხაზეთის სასწავლებლებს დაჯერდნენ. იქ მიღებული ცოდნა კი იმდენად არასრულფასოვანია, რომ მათ დახურვაზეც მიდის კამათი დეფაქტო ხელისუფლებაში.“


კონფლიქტის მოგვარებისა და ნდობის აღდგენის სამართლებრივი პოლიტიკის შემუშავების პროცესში სამოქალაქო კონტროლზე საუბრისას მნიშვნელოვანია გამოიყოს მეცნიერების როლი, კერძოდ, მეცნიერება არის ის დარგი სადაც შეიძლება ჯანსაღი და ადეკვატური კრიტიკა, შესაძლო გამოსავლის შეთავაზებით გახდეს მნიშვნელოვანი ცვლილების საფუძველი. საქართველოში სამწუხაროდ არ არსებობს ეროვნული უსაფრთხოების მეცნიერება, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის შესაძლო გზების ძიებისას დასმულ კითხვებზე. სამეცნიერო სფეროს განვითარების კუთხით დიდ როლს ასრულებს საერთაშორისო ორგანიზაციები. მაგ. ნატო-ში ფუნქციონირებს საერთაშორისო სამხედრო-სამოქალაქო სამეცნიერო 8. 8 8. 8. პროგრამა უსაფრთხოება მეცნიერების მეშვეობით, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში სამეცნიერო კვლევების ჩატარებას. მეცნიერების და ტექნოლოგიის განვითარება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად არის მიჩნეული ევროპაშიც. ამრიგად, ქართულ რეალობაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის სამართლებრივი პოლიტიკის შემუშავება, მაღალი სამოქალაქო  (დემოკრატიული) კონტროლის ფონზე, თავად ამ საკითხის მიმართ არნახული საჯარო ინტერესის გამო. ამასთან, დემოკრატიული კონტროლის პროცესში სწორი ადმინისტრირების კუთხით ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დემოკრატიული ზედამხედველობის უზრუნველყოფა, საჯაროობის და გამჭირვალობის პრინციპის დაცვა, მეცნიერების ხელშეწყობა.


წინამდებარე ნაშრომის ფარგლებში განხილულ იქნა ეროვნული უსაფრთხოებისა და ხალხთა შორის ნდობის აღდგენის სამართლებრივი პოლიტიკა. ეროვნული უსაფრთხოება და ხალხთა შორის ნდობის აღდგენა საჭიროებს რეფორმირებასა და მოქმედებათა ახალ ეტაპზე გადასვლას. რაც შეეხება, ნდობის აღდგენის სამართლებრივი პოლიტიკის შემუშავებას იგი არის კომპლექსური ხასიათის.


კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის მიზნით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკური  საქმიანობის საკითხს პირველ ეტაპზე წარმოადგენს კონფლიქტის მშვიდობიანი  მოგვარების ხელშეწყობა და საქმიანობის  კონცენტრირება შემდეგ საკითხებზე:


1. საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ ფარგლებში არსებულ ინსტიტუტებთან
აქტიური თანამშრომლობა, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოებისა და ადამიანთა უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა; 

2. აფხაზეთის პრობლემატიკასან დაკავშირებულ საკითხებზე საკანონმდებლო  ინიციატივების შემუშავება და საქართველოს პარლამენტში განსახილველად  წარდგენა;

3. აფხაზეთის მთავრობის რეფორმირება მოქნილი და ეფექტური საჯარო მმართველობისაკენ; 

4. ეფექტური საინფორმაციო პოლიტიკის განსახორციელებლად დაჩქარდეს  აფხაზეთის ტელევიზიის გადაცემათა აღდგენა. ასევე  რადიო გადაცემათა არხის გახსნა;

5. შეიქმნას პროგრამის ციკლი ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის  ცნობიერების  ასამაღლებლად  ევროპული და ევროატლანტიკური  ინტეგრაციის უპირატესობის შესახებ;

6. ოკუპირებულ აფხაზეთში დევნილთა მიერ დატოვებული უძრავი ქონების საკითხის სამართლებრივი მოწესრიგების შესახებ; 

7. აფხაზეთის ჯანდაცვითი პროგრამების ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მომსახურების უხრუნველყოფის შესახებ;

8. გაფართოვდეს ონლაინ რეჟიმში ორგანიზებული მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართულენოვანი მოსწავლეების განათლებისა და მათი ცნობიერების ამაღლების საკითხი

9. აფხაზეთის პრობლემატიკაზე მეცნიერთა ნაშრომების სისტემატიზაცია და მათი პუბლიკაციისათვის მომზადება



ფრაქციის თავმჯდომარე                                                                       ანზორ წოწონავა

17.12.2023

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions