“სოხუმის აეროპორტში საცდელი ფრენის ჩატარება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი გახლდათ. გუნბა მოსკოვიდან თვითმფრინავით ჩადის, სტუდენტები, ჟურნალისტები ჩაჰყავთ – ეს ყოველივე საზეიმო ვითარებაში მოხდა. მაგრამ, ეს საზეიმო ვითარება იმან ჩაამწარა, რომ შესაბამის დოკუმენტებში, რომელიც ამ ფრენასთან იყო დაკავშირებული, წერია აეროპორტი – ბაბუშერა, ქვეყანა – საქართველო”,- ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აეროპორტი მთლიანად რუსული იქნება, არა იმდენად სამოქალაქო, რამდენადაც სამხედრო.
“ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი მხარს აშკარად დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელ ბადრა გუნბას უჭერს, ამის მკაფიოდ ადასტურებს არა მხოლოდ განცხადებები, რომელიც რუსეთიდან კეთდება, არამედ გუნბას მოსკოვში ვიზიტიც. ის იქ 5 თებერვალს ჩავიდა, პირველი შეხვედრა ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ჰქონდა, შემდეგ მაღალი რანგის შეხვედრები დაიწყო, ფაქტობრივად, ყველა წამყვან მინისტრს შეხვდა. კანდიდატის ასეთ დონეზე მიღებამ ყველა კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ეს ადამიანი კრემლის კანდიდატი გახლავთ. ამან სოხუმში, რა თქმა უნდა, უკმაყოფილება გამოიწვია. მთელი რიგი განცხადებები გაკეთდა. 7 რიცხვში გუნბა სოხუმში ჩაფრინდა. აეროპორტში საცდელი ფრენის ჩატარება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი გახლდათ. გუნბა მოსკოვიდან თვითმფრინავით ჩადის, სტუდენტები, ჟურნალისტები ჩაჰყავთ – ეს ყოველივე საზეიმო ვითარებაში მოხდა. მაგრამ, ეს საზეიმო ვითარება იმან ჩაამწარა, რომ შესაბამის დოკუმენტებში, რომელიც ამ ფრენასთან იყო დაკავშირებული, წერია აეროპორტი – ბაბუშერა, ქვეყანა – საქართველო. ბილეთის მაგიერ ტალონზე სოხუმი წერია. ეს რითაა გამოწვეული: კარგად მოგეხსენებათ, რომ არსებობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია “იკაო” , სადაც დაფიქსირებულია, რომ ეს საქართველოა, სოხუმია. “იკაოს” ჯერ არანაირი ნებართვა არ გაუცია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ელემენტარული წესები დაიცვეს, დააფიქსირეს, რომ ეს აეროპორტი საქართველოში მდებარეობს. მარტო ამად ღირდა ეს ე.წ. საცდელი ფრენა. აპარტამენტების აშენების გეგმა რომ განხორციელდეს, ამას აფხაზეთში დიდი რაოდენობით რუსების ჩამოყვანა და იქ დასახლება მოჰყვება, ზუსტად ასევე – ამ აეროპორტის ძირითადი მომსახურე პერსონალი რუსეთიდან ჩამოდის. არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ეს არა მარტო სამოქალაქო, არამედ სამხედრო აეროპორტიცაა. შესაბამისად, იქ აფხაზებს საერთოდ არ დაუშვებენ. ეს იქნება მთლიანად რუსული აეროპორტი, არა იმდენად სამოქალაქო, რამდენადაც სამხედრო. უკრაინელებს უკვე შეუძლიათ, სოჭს მისწვდნენ, როსტოვში ფაქტობრივად, აეროპორტი არ ფუნქციონირებს, ამ პირობებში სოხუმის აეროპორტი ისევე როგორც ოჩამჩირის საზღვაო პორტი, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ ამ საკითხს, დარწმუნებული ვარ, არა მარტო ჩვენი ხელისუფლება მიაქცევს დიდ ყურადღებას და აქცევს კიდეც, არამედ ამას საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროკავშირმა, ნატომ ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან ომი დამთავრდება და ეს სამხედრო თვითმფრინავები უფრო ევროპის და ნატოს წინააღმდეგ იქნება მიმართული, ვიდრე ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენი საწინააღმდეგო ავიაცია მათ გუდაუთაში ისედაც ჰყავთ. ასე, რომ აქ სერიოზული სამხედრო ბაზა იქნება”- განაცხადა გამახარიამ.